English / ქართული / русский /
ვანო შუშტაკაშვილი
ოჯახის მოდერნიზაციის პრობლემები საქართველოში 1970-2002 წწ.

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაცია განიხილება, როგორც საზოგადოებრივ ფასეულობათა სისტემაში ფორმირებული ინდივიდუალური ორიენტაციის შესაბამისი ქცევის ახალი სოციალურ-დემოგრაფიული ფასეულობათა და ნორმების ჩამოყალიბება ოჯახში. საქართველოს საზოგადოება და ოჯახი კი მოუმზადებელი შეხვდა ობიექტურობით განპირობებულ ქვეყნის, როგორც სხვა, ისე, ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიულ მოდერნიზაციას.

საკვანძო სიტყვები: ოჯახის ტიპი,  საოჯახო პოლიტიკა, დემოგრაფია, ოჯახის ბირთვი.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ევროპაში სოციოლოგთა და დემოგრაფთა მიერ გამოიყო თანამედროვე ოჯახის ოთხი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი: 1. იურიდიულად გაუფორმებელი ერთობლივი ცხოვრების (არარეგისტრირებული ქორწინება) და ოჯახის ალტერნატიული ფორმების ფართოდ გავრცელება; 2. ოჯახის ბავშვთა ცენტრული მოდელიდან, პარტნიორული წყვილის მიერ ინდივიდუალურად ორიენტირებულ შვილთა რაოდენობაზე გადასვლა; 3. შვილიანობის შეცნობილ გეგმიანობაზე გადასვლა; 4. ოჯახის ტრადიციული მოდელიდან დემოკრატიულ-პლურალისტულ მოდელზე გადასვლა. ზოგიერთი დემოგრაფი მომავალში ოჯახის ინსტიტუტის გაქრობასაც კი ვარაუდობდა.

თუ განვიხილავთ ამ ნიშნებს საქართველოში, მეორე და მესამე ნიშანი ქართულ ოჯახში ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან აღინიშნება, რაც საზოგადოებაში დასავლური სოციალურ-ეკონომიკური ქცევის ფარულ გავრცელებას მოჰყვა. პირველი და მეოთხე ნიშანი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ოფიციალურად არაღიარებულ ჯვრისწერას, ცალკეული შემთხვევების სახით, ძირითადად 2000 წლიდან აღინიშნება (მენაბდიშვილი ე., შუშტაკაშვილი ვ., 2006.

                                                         ***

საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ოჯახის მოდერნიზაციაზე ფუნდამენტურ (განვითარების ობიექტური კანონზომიერებები) ფაქტორებთან შედარებით, არსებითი გავლენა ლოკალურმა სპეციფიკურმა ფაქტორებმა იქონია (ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და სხვ.). ევროპის ქვეყნებში მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები საქართველოში განსხვავებულია წარმომავლობით, მოქმედების ძალით, ხანგრძლივობით და სოციალური შედეგებით. საქართველოს საზოგადოება და ოჯახი კი მოუმზადებელი შეხვდა ობიექტურობით განპირობებულ ქვეყნის როგორც სხვა, ისე სოციალურ-დემოგრაფიულ მოდერნიზაციას.

გარდამავალი ეტაპის მოსამზადებლად ქვეყანაში არ გატარებულა არავითარი სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა, რის გამოც ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესს. ოჯახის მოდერნიზაცია 2000 წლამდე უფრო რევოლუციური იყო, ვიდრე ევოლუციური. თუ 2000 წლამდე ქართული ოჯახის ძირითად ფუნქციებზე (დემოგრაფიული, ეკონომიკური, სულიერი და სხვა) ფუნდამენტურ ფაქტორებთან შედარებით, უფრო მეტი გავლენა სპეციფიკურმა ფაქტორებმა იქონია, 2000 წლის შემდეგ სპეციფიკურთან შედარებით უფრო მეტად გამოიკვეთა ფუნდამენტურ ფაქტორთა მოქმედების ძალა (სულაბერიძე ა, დემეტრაშვილი მ., შუშტაკაშვილი ვ., 2005. მოსახლეობის  აღწარმოების ტიპთაშორისი პერიოდი საქართველოში. ჟურ. „მაცნე“, #4, გვ. 70-84.)

 თუ განვითარებულ ქვეყნებში იზრდება მარტივ ოჯახთა და მცირდება რთულ ოჯახთა წილი, საქართველოსთვის სხვა ტენდენციაა დამახასიათებელი.  თუ 1970-1989 წწ. ოჯახის სიდიდეზე მოქმედებდა შემდეგი ძირითადი ფაქტორები: ა) ახალგაზრდული ქორწინებების მნიშვნელოვანი ზრდა, ანუ იმ ოჯახების, რომლებიც დემოგრაფიული ციკლის საწყის ფაზაში იმყოფებოდნენ; ბ) ნუკლეარიზაციის შემდგომი გაღრმავება; გ) შობადობის შემცირება და მცირეშვილიან ოჯახთა გავრცელება, 1990 წლიდან ვითარება შეიცვალა (მენაბდიშვილი ე., შუშტაკაშვილი ვ., 2015. ოჯახური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრანსფორმაცია თანამედროვე ეტაპზე. დემოგრაფიის და სოიციოლოგიის პრობლემები.  გვ. 41).

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 1989-2002 წწ. ოჯხის წევრთა საშუალო რაოდენობა 4,1-დან 3,5 სულამდე შემცირდა. მისი შემცირება რომ განხორციელებულიყო ახალგაზრდა ოჯახების ცალკე გამოყოფის შედეგად (ნუკლეარიზაცია), იგი დადებით, პროგრესულ მოვლენად ჩაითვლებოდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო. 2002 წლისათვის, მარტოხელები თითქმის გაუთანაბრდნენ 2 და 3 წევრიან, ხოლო 6 და მეტწევრიან ოჯახებს კი 2-3-ჯერ გადააჭარბეს. აღნიშნული გამოწვეულია: დაქვრივების მაღალი დონით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შედეგად ქვეყნისათვის მანადმე უცნობი, ფორმირებული დევნილი ოჯახების წარმოქმნით, მაღალი ემიგრაციული პროცესებით, 30 წლის ზემო ასაკში დასაქორწინებელთა მაღალი წილით (ოჯახთა საერთო რაოდენობის 16,1%) და სხვ.  (შვილიანობის ტიპები საქართველოს ოჯახებში. ჟურნალი ეკონომიკა. მენაბდიშვილი ე., შუშტაკაშვილი ვ., 2006).

ცხრილი 1

 საქართველოს ოჯახების განაწილება ოჯახის წევრთა რიცხოვნობის მიხედვით

(%%-ით) 1970-2002 წწ. (მოსახლეობის აღწერების მიხედვით) 

წლები

ოჯახები, სულ

მ.შ. ოჯახი შედგება

1 წევრისაგან

2 წევრისაგან

3 წევრისაგან

4 წევრისაგან

5 წევრისაგან

6 წევრისაგან

7 და მეტი წევრისაგან

ოჯახის სასურველი სიდიდე

1979

100.0

-

21.1

19.9

25.0

16.7

9.8

7.5

4.0

1989

100.0

-

21.3

19.5

25.2

16.1

9.8

8.0

4.1

2002

100.0

16.1

17.4

17.0

21.6

13.8

8.3

5.2

3.5

ოჯახის განვითარების ტენდენციის და ოჯახის სტრუქტურის პროგნოზირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის დემოგრაფიული ტიპების შესწავლას, რაც ძირითადად, მხოლოდ მოსახლეობის აღწერების მასალებითაა შესაძლებელი, რის გამოც, ჩვენი გამოკვლევაც ამ აღწერის მასალებზეა დაფუძნებული.

ოჯახის დემოგრაფიულ ტიპს ძირითადად განსაზღვრავს „ოჯახის ბირთვი“, რომელიც შეიძლება იყოს სრული და შედგებოდეს დაქორწინებული წყვილისაგან შვილებით ან  უშვილებოდ და არასრული, რომელშიც მხოლოდ დედა, (მამა) შვილებით. ასეთი ტიპოლოგია საშუალებას იძლევა, გამოვყოთ ოჯახი საოჯახო ბირთვით და საოჯახო ბირთვის გარეშე.

„დანარჩენი“ ოჯახების წევრები ერთმანეთთან შეიძლება დაკავშირებული იყვნენ როგორც პირდაპირი, ასევე გვერდითი ხაზით. ნათესაობის პირდაპირ ხაზად ითვლება ნათესაური კავშირი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მეორისაგან მომდინარეობს, ხოლო ნათესაობის ხარისხად – შობადობათა რიცხვი, რომელიც ნათესავებს ყოფს ამ ხაზზე. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა გამოვყოთ მარტივი ოჯახი, რომლის ყველა წევრი გაერთიანებულია „ოჯახის ბირთვში" და რთული, რომლის შემადგენლობაში არიან ოჯახის სხვა წევრებიც, პირდაპირი ან გვერდითი ხაზით დაკავშირებული ნათესავები. ეს პრინციპი შენარჩუნებულია ოჯახის ყველა ტიპოლოგიაში. თუმცა, მის ერთიან ტიპოლოგიაზე დემოგრაფთა შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს სჯა-ბაასი ერთიანი ტიპოლოგიის შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ყველა აღწერის დროს თანდათან სრულყოფილი ხდებოდა ოჯახის ტიპოლოგია, რაც ოჯახის პრობლემათა შესწავლაში არსებით როლს თამაშობდა. მაგალითად, თუ 1970 წლის მოსახლეობის აღწერაში გამოყოფილი იყო ოჯახის 6 ტიპი, 1979 წელს იგი 7 ტიპამდე გაიზარდა, ხოლო 1989 წლის მოსახლეობის აღწერისას კი გამოიყო ოჯახთა 9 ტიპი და 1979 წლისგან განსხვავებით, ცალკე ჯგუფად იქნა გამოყოფილი დედები შვილებით და დედის ერთ-ერთი მშობლით და მამები შვილებით და ერთ-ერთი მშობლით. ეს ვარიანტი პრაქტიკულად შენარჩუნდა  საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერისას. უფრო მეტიც, დაემატა კიდევ 8 ტიპიდ და გამოიყო  17 ტიპი. ანალოგიურად 17 ტიპის მიხედვით მუშავდება მოსახლეობის 2014 წლის ეროვნული აღწერის მასალები.

ოჯახის ცვლილების ტენდენციის დინამიკაში შესწავლის მიზნით, ჩვენ გამოვიყენეთ უფრო გამსხვილებული სპეციფიკური ტიპოლოგია, რომელიც, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და ნაკლისა, საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ 1970-2002წწ.  აღწერებს შორის პერიოდში ოჯახების ტიპთა ცვლილების დინამიკა, რაც  შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

ტიპი I – ოჯახები, ერთი საქორწინო წყვილით, შვილებით და უშვილებოდ;

ტიპი II – ოჯახი, ერთი დაქორწინებული წყვილით, შვილებით და უშვილებოდ, მეუღლეთა ერთ-ერთი მშობლით (ან მათ გარეშე) და  სხვა ნათესავებით (ან მათ გარეშე);

ტიპი III – ოჯახი, ორი ან მეტი  დაქორწინებული წყვილით, შვილებით და უშვილებოდ, მეუღლეთა ერთ-ერთი მშობლით (ან მათ გარეშე), სხვა ნათესავებით ან მათ გარეშე;

ტიპი IV – Dდედები (მამები) შვილებით;

ტიპი V – Dდედები (მამები) შვილებით, ერთ-ერთი მშობლით, სხვა ნათესავებით;

ტიპი VI – დანარჩენი ოჯახები.

ცხრილი 2

მოცემული ტიპის ოჯახთა წილი ოჯახტა საერთო რიცხვში (%) 1970-2002 წწ.                                    

წლები

 

ტიპი I

ტიპი II

ტიპი III

ტიპი IV

ტიპი V

ტიპი VI

1970

56,3

22,3

10,1

6,6

3,0

1,7

1979

57,2

17,4

8,9

10,4

1,7

4,4

1989

51,5

18,1

12,6

11,1

2,0

4,7

2002

41,5

11,8

9,8

10,0

2,4

2,3

როგორც ცხრილი 2 - დან ჩანს, 1970-2002 წწ. რთული, სრული ოჯახების ხვედრითი წილის შემცირების (ტიპი V) ფონზე, უარყოფით ტენდენციად წარმოგვიდგება მარტივი არასრული ოჯახების (ტიპი IV) წილის ზრდა. ასეთი ოჯახები, როგორც წესი, სრულ ოჯახში განქორწინების ან ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების, აგრეთვე, ქორწინების გარეშე შობადობის შედეგია. მათი გარკვეული ნაწილი იქმნება ცოცხლად დარჩენილი მეუღლის და ერთ-ერთი ცალკე მცხოვრები შვილის გაერთიანებით, ასევე, მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების შედეგად.

სრული და არასრული ოჯახების რიცხოვნობა, როგორც წესი,  ყალიბდება ქორწინების, მოკვდაობის და განქორწინების პროცესთა ხანგრძლივი ურთიერთზემოქმედების შედეგად, მიუხედავად ინფორმაციის შეზღუდულობისა, ოჯახთა ამ ორი ძირითადი ჯგუფების წილების შედარება საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ მართალია საოჯახო სტრუქტურაზე გავლენას ახდენს მოკვდაობა და განქორწინება, რაც იწვევს საქორწინო წყვილის დაშლას და არასრული ოჯახების ჩამოყალიბებას, მაგრამ იგი არსებით ზეგავლენას ვერ ახდენს მოსახლეობის აღწარმოებაზე.  მიუხედავად ამისა, ასეთი  ოჯახების ხვედრითი წილის ზრდის ტენდენცია მოსახლეობის აღწამოების თვალსაზრისით მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

    ცხრილი 3

 

ოჯახთა წილი `საოჯახო ბირთვით~ და დაქორწინებული წყვილით ოჯახთა საერთო

რაოდენობაში 1970-2002 წწ. (%)

 

ოჯახები „საოჯახო ბირთვით~ ყოველ 100 ოჯახზე

ოჯახები დაქორწინებული წყვილით ყოველ 100 ოჯახზე

1970

1979

1989

2002

1970

1979

1989

2002

საქართველო

97,1

95,6

95,3

94,8

83,6

83,6

82,1

81,4

როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, ყველა ოჯახთა შორის უმრავლესობას შეადგენს ოჯახები საქორწინო წყვილებით, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ოჯახის უპირატესი ტიპი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო და არის ჩვენს ქვეყანაში, არის მარტივი ანუ ნუკლეარული ოჯახი, რომელიც შედგება ცოლ-ქმრული წყვილის შვილებით ან უშვილო ცოლქმრული წყვილისაგან (ტიპი I).დასკვნა

მოსახლეობის აღწერის მასალების შესწავლამ გვიჩვენა, რომ 1970-2002 წწ. საქართველოში, მიუხედავად "საოჯახო ბირთვით" ოჯახების ხვედრითი წილის 2,3%-ით შემცირებისა, 2002 წლისათვის უმრავლესობას მაინც ისინი შეადგენენ. ამასთან, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მასალები ოჯახის ტიპების მიხედვით არ დამუშავებულა რეგიონულ ჭრილში, ამიტომ ოჯახის ტიპოლოგიის ევოლუციის შესწავლისთვის დავკმაყოფილდით, მხოლოდ ქვეყნის საერთო მაჩვენებლით. 

 გამოყენებული ლიტერტურა

  1. სულაბერიძე ა., დემეტრაშვილი მ., შუშტაკაშვილი ვ., 2005. მოსახლეობის  აღწარმოების ტიპთაშორისი პერიოდი საქართველოში. ჟურ. „მაცნე“, #4. გვ. 70-84.
  2. სულაბერიძე ა., 2007. ფიქრები ქართულ ოჯახზე და დემოგრაფიაზე. თბილისი. გვ. 490.
  3. მენაბდიშვილი ე., შუშტაკაშვილი ვ., 2015. ოჯახური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრანსფორმაცია თანამედროვე ეტაპზე. დემოგრაფიის და სოიციოლოგიის პრობლემები.  გვ. 41.
  4. შვილიანობის ტიპები საქართველოს ოჯახებში.  ჟურნალი ეკონომიკა. მენაბდიშვილი  ე., შუშტაკაშვილი ვ., 2006